ამბროლაურში მეკლდეურობის განვითარების მიზნით საცოცი კედლების მოწყობა იგეგმება



საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც საცოცი კედლების მოსაწყობი ადგილები და აღნიშნული სპორტის განვითარებისთვის საჭირო სხვა დეტალები განიხილეს.

მეკლდეურობას საქართველოში დიდი ტრადიციები აქვს და ის უკვე ოლიმპიურ თამაშებს შორისაა. ამასთან, მეკლდეურობა ერთ-ერთია სპორტის იმ სახეობებს შორის, რომელსაც სამინისტრო მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს და მისი განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს.

უახლოეს მომავალში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ამბროლაურში საერთაშორისო სტანდარტების საცოცი კედლების მოწყობა იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სპორტის ამ სახეობით დაინტერესებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის განვითარებას.