ირაკლი ღარიბაშვილი : შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ



„დღეს, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს მუშაობა, იმის შიშით, რომ სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს. რა თქმა უნდა, ეს არის კატასტროფა, ეს შემაშფოთებელია. ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, მთავრობამ, გაბედული და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მთავრობა უკვე მუშაობს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იგეგმება სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია ათასობით და ათიათასობით შევქმნათ. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებშია გამოცდილი. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია. დღეს, ისინი, არსებული სოციალური პოლიტიკის გამო, არ არიან მოტივირებულნი სამუშაოს დასაწყებად. უამრავი მაგალითი ვიცით, თუ ადამიანი ტელევიზორს ან მაცივარს შეიძენს, ქულები აკლდება და სოციალური დახმარება უწყდება. ისინი არ არიან მოტივირებულნი სეზონურ სამუშაოზე დასასაქმებლად და დამატებითი შემოსავლის მისაღებად. ეს არის კატასტროფა. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ, მინიმუმ, ის დახმარება, რომელიც მათ დღეს ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და, ამას გარდა, შეძლონ ახალი სამუშაო ადგილების მოძიება, დამატებით. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, 2-3 სამუშაო, პარალელურად, იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში - იყიდონ ტელევიზორიც, მაცივარიც, სახლიც და გაარემონტონ საცხოვრებელი... ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. დიდი სურვილი მაქვს, რომ იანვრიდან დავიწყოთ ეს ახალი პროგრამა. ვფიქრობ, ეს მთლიანად შეცვლის რეალობას და შრომის ახალ კულტურას ჩამოვაყალიბებთ, შრომისუნარიან მოსახლეობას გავუჩენთ განცდას, მოტივაციას, პერსპექტივას, რომ დასაქმდნენ რეალური საქმითა და რეალური შრომით, შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, დღეს ყველას სურს სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო არ უქმნის პირობებს, ეს მათთვის დამაბრკოლებელი და ბარიერია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.