რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ინგრიდ ბროცკოვას უმასპინძლა



რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს- ინგრიდ ბროცკოვას უმასპინძლეს.

სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპის საქმეთა სამინისტრომ მხარი დაუჭირა რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ექვს პროექტს, რომელთა საერთო ღირებულება 315,000 ევროზე მეტია.

ჩეხეთის კარიტასი სლოვაკეთის განვითარების სააგენტოსთან 2020 წლიდან თანამშრომლობს და ამ პერიოდის განმავლობაში, რაჭაში განვითარებაზე ორიენტირებული ორი პროექტი განახორციელა, რომელთა ჯამური ბიუჯეტი 280 000 ევრომდეა.

პირველი პროექტის ფარგლებში, პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქების მიზნით, ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა 26 მცირე და საშუალო მეწარმეს, შეინარჩუნა 40 სამუშაო ადგილი და ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში ჩაატარა ტრენინგები მარკეტინგსა და გაყიდვებში. ამასთან, დაეხმარა 152 სოციალურად დაუცველ ოჯახს ფრინველით, მათი საკვებითა და ვეტპრეპარატებით.

მეორე პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასმა მხარი დაუჭირა ნარჩენების მართვის მდგრადი მოდელების განვითარებას და ონის მუნიციპალიტეტის მთავრობა და ადგილობრივი ნარჩენების მართვის კომპანია შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყო. ასევე, გამართა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები გარემოდაცვით საკითხებზე. ამ ღონისძიებების ფარგლებში, ონის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის მოდელები წარედგინათ. ამასთან, ონის მუნიციპალიტეტს გადაეცა 60 ცალი 1 000-ლიტრიანი მეტალის ნარჩენების ურნა, 135 ცალი 240-ლიტრიანი ნარჩენების ურნა, შვიდი კუბური მეტრის ნარჩენების შემგროვებელი მანქანა და სეპარირებული ნარჩენისთვს საჭირო პიკაპი.

რეგიონში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანს, ონში ჩეხეთის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა – იან ბლინკამ და მისმა მოადგილემ – ეკატერინე მესხრიკაძემ ადგილზე სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები დაათვალიერებინეს. ინგრიდ ბროკოვა მინანქრისა და მეტალო-პლასტმასის სახელოსნოებსა და სამკერვალოს ესტუმრა, რომლებიც პროექტის – „კორონავირუსით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება რაჭაში“ ფარგლებში, ჩეხეთის კარიტასმა სლოვაკურ ორგანიზაცია „სოსნასთან“ ერთად განახორციელა.

ინგრიდ ბროცკოვამ საზეიმოდ ონის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შემგროვებელი სპეციალური მანქანები, ხოლო ''რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციას'', მიკროგრანტი, ღვინის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესაძენად გადასცა.

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს ნაყოფიერი ვიზიტისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც დაუყოვნებლივ, საჭიროებების მიხედვით იჩენს სლოვაკეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის.