კვლევის თანახმად, ვაქცინები კორონავირუსის მძიმე ფორმის წინააღმდეგ 90%-ით ეფექტურია



კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 50 წელს ზემოთ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის რისკს 90%-ით ამცირებს და ასევე ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. აღნიშნულ მონაცემებს საფრანგეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევა ცხადყოფს.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა 50 წელს ზემოთ მყოფი, დაახლოებით, 22 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს.

მკვლევრებმა 2020 წლის დეკემბრიდან შეგროვებული მონაცემები შეისწავლეს, როდესაც საფრანგეთმა ვაქცინაციის კამპანია დაიწყო და 11 მილიონი აცრილი ადამიანის მონაცემები 11 მილიონი არავაქცინირებული ადამიანის მონაცემებს შეადარეს.

„კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ აცრილ ადამიანებს ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის რისკი 9-ჯერ ნაკლები აქვთ, ვიდრე არავაქცინირებულებს“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა, მაჰმუდ ზურეიკმა.

გარდა ამისა, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ, კორონავირუსის მძიმე ფორმის განვითარების რისკი 90%-ით შემცირდა.

ვაქცინაცია ასევე ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ: 75 წელს ზემოთ პირებში მისი ეფექტურობა 84%-ს შეადგენს, ხოლო 50-75 წლის პირებში - 92%-ს.